ბ.გუგუშვილი, „ქართული პოლიტეკონომია“, გაზ. „რესპუბლიკა“, 27.8.1991


პრემიერ მინისტრის საპროგრამო სტატია.



გაზეთი რესპუბლიკა, 27 აგვისტო, სამშაბათი, 30/63, 1991

წინამდებარე სტატია ავტორმა ამ სამი თვის
წინ გადასცა ჩვენი რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს,
აგრეთვე პრესის ერთ-ერთ ორგანოს.

ბესარიონ გუგუშვილი

ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲞᲝᲚᲘᲢᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲐ

საკითხის დასმის წესით

2023 წლის წინასიტყვაობა

საქართველოს პირველი რესპუბლიკა გარკვეულწილად ისეთივე ეკონომიკურ სირთულეებს წააწყდა, როგორსაც მეორე რესპუბლიკა (ზ.გამსახურდიას ხელისუფლება) — უპირველეს ეს იყო ადგილობრივი ან უცხოური კერძო ფინანსური რესურსების (ინვესტიციების წყაროების) სიმცირე ან სრულიად არ არსებობა კერძო (პრივატული) ეკონომიკის გაძღოლის, დაფუძნება-დაარსებისთვის.

და, ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, როგორც თავის წიგნში „საქართველოს წროვნული მეურნეობა“ (წიგნი მეორე, პარიზი, 1960) იმ მთავრობის  ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კ.კანდელაკი წერს, წარმოების წარმართვა-განვითარებისთვის ერთად-ერთი რეალისტური გზა გამოძებნა (მეორე რესპუბლიკისამ კი ამ გზის გამოყენება შესაძლებელ ვარიანტად წარუდგინა ხალხს)  — ეს იყო „სახელმწიფო კაპიტალიზმის“ ელემენტების გამოყენება გარდამავალ პერიოდში — „რის მაგალითებს ახლა ბევრს ვხედავთ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში“-ო, წერს ავტორი.

ყოველივე ამას მეორე წიგნის დასკვნებში ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, მაგალითების მითითებით, კერძოდ:

„ზ) საქართველოს უდიდეს მრეწველობის, – მარგანეცის წარმოების გაერთიანება, მრეწველთა ინდივიდუალურ წარმოების და საკუთრების დაცვით და მთავრობისთვის მოგებაში მონაწილეობის უზრუნველყოფით და იმის უახლობელესი კონტროლით ეკსპორტში;

თ) ქვანახშირის წარმოების სახელმწიფოს მიერ გამოსყიდვა და იმის გაფართოება;

კ) ზოგიერთ სამრეწველო დაწესებულებათა ხელში აღება და სახალხო მეურნეობაში ნიადაგის მომზადება იმ ახალ სახის ეკონომიურ საქმიანობისთვის, როცა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობა ამ საქმიანობის აკტიური და პირდაპირ პატრონი და განმკარგველი მონაწილე ხდება, კერძო დაწესებულებათა და კერძო ინიციატივის გვერდით, რის მაგალითებს ახლა ბევრს ვხედავთ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში;“

უფრო მკვეთრად აქვს ავტორს სახელმწიფო კაპიტალიზმის ელემენტების გამოყენებაზე ყურადღება გამახვილებული მეორე წიგნის ინგლისურ და ფრანგულ დასკვნებში:

„The basis of the economy of the Georgian Reublic was the principle of equality between state economy and private initiative. State economy was relised by self government bodies in the towns and the country and by assotiation of this bodies as well as by cooperative companies.“

თარგმანი:

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის საფუძველი იყო სახელმწიფო ეკონომიკისა და კერძო ინიციატივის თანასწორობის პრინციპი. სახელმწიფო ეკონომიკა ეყრდნობოდა ქალაქებისა და ქვეყნის თვითმმართველობის ორგანოებს და ამ ორგანოების გაერთიანებას, ასევე კოოპერატიულ კომპანიებს.

იმპერიის ორასწლოვნმა, განსაკუთრებით კი მისის სოციალ-იმპერიალისტური ფორმაციის სამოცდაათწლოვანმა ბატონობამ უმძიმესი დაღი დაასვა საქართველოს ეკონომიკას და ქართულ ეკონომიკურ აზრს (აზროვნებას).:მაზომიერი და მიზანდასახული დიდმპყრობელური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა პრიმიტიული, უმთავრესად მდიდარი ბუნებრივი რესურსების მტაცებლურ ექსპლუატაციასა და გამოფიტვაზე დაფუძნებული სახალხო მეურნეობა, რომელიც გამოირჩევა სოფლის მეურნეობაში ზღვარსგადასული მონოკულტურული სპეციალიზაციით, ხოლო მრეწველობაში მარტივ ტექნოლოგიებზე აგებული წიაღისეული და სოფლისმეურნეობრივი პროდუქციის პირველადი გადა­მუშავების დარგებით, რომელთა პროდუქციას მეტროპოლია ათწლეულების განმავ­ლობაში, ფაქტობრივად უსასყიდლოდ იტაცებდა.

კრემლი შეგნებულად არ აშენებდა საქართველოში ახალ და უახლეს ტექნიკასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ თანამედროვე სამრეწველო ობიექტებს, რომლებსაც იგი სულ უკანასკნელ ხანამდე საკმაო რაო­დენობით ყიდულობდა ნავთობისა და გაზის ექსპორტის ხარჯზე თავისუფალი სამყაროს ქვეყნებში და უმთავრესად სამხედრო-სტრატეგიული მრეწველობისათვის იყენებდა.

იმპერიალისტური ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ბოტოტება ისიც იყო, რომ სრულიად შეიზღუდა ქართველი კაცის ეკონომიკური თაოდნობისა და სამეურნეო-მეწარმული ინიციატივის ნიჭის გამოვლენის საშუალებები, რის შედეგადაც ეს ბუნებრივი მოთხოვნილება იძულებითად მახინჯ ფორმებში ვლინდებოდა – სპეკულაციის, მაქინატორობისა და კომბინატორობის სახით. თუმცა ამ ბოროტებამ შემდგომში თვითონ შეიტანა საკმარისად მნიშვნელოვანი „რევოლუციური“ წვლილი იმპერიული ეკონო­მიკური სტრუქტურების გახრწნასა და რღვევაში.

ცენტრის იმპერიალისტური პოლიტიკის შედეგად საქართველოს ეკონომიკას ამჟამად არ გააჩნია დამოუკიდებელი ქვეყნებისათვის ესოდენ საჭირო შინაგანი ეკონომიკური სტრუქტურული ერთიანობა და თვითმყოფადობა. მისი სახალხო მეურნეობის პრაქტიკუ­ლად ყველა მნიშვნელოვანი დარგი და საწარმო იმპერიის მთელ ტერიტორიაზე დაფანტული ერთიანი კაბალური და ტექნიკურად ჩამორჩენილი სამეურნეო კომპლექსს დამორჩილებულ და დამოკიდებულ ნაწილაკს წარმოადგენს და ამდენად, ჩამორთმე­ული აქვს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში დამოუკიდებელი ჩართვისა და მისდამი ადაპტაციის საშუალება.

იმპერიის მიერ საქართველოს კოლონიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და დამანგრეველ პროცესად მისი დემოგრაფიული კოლონიზაცია იქცა, რაც თითქმის ორასი წლის განმავლობაში განუხრელად და გეგმაზომიერად ტარდებოდა, ხოლო განსაკუთ­რებული მასშტაბები უკანასკნელ ათწლეულებში მიიღო. ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა კოლონისტების უპრეცედენტო ჩამოსახლება, რამაც არსებითად შეცვალა ეთნიკური წონასწორობა და გამოიწვია ტერიტორიებიდან ქართული მოსახ­ლეობის პრაქტიკულად სრული გამოდევნა.

დემოგრაფიული კოლონიზაციის მთავარი ბოროტება კი გახდა იმპერიის მიერ წარმოებულ დაუსრულებელ ომებსა და რეპრესიებში ქართველი ერის მნიშვნელოვანი ნაწილის მსხვერპლად შეწირვა და ამით გამოწვეული დეპოპულაცია. ქართული მოსახ­ლეობის ბუნებრივი ზრდის ტემპების დაცემის კიდევ ერთი მუდმივი ფაქტორი იყო ჩვენი თავისუფლებისმოყვარე და ისტორიულად მაღალკვალიფიცირებული ერისათვის შეუფერებელი სოციალურ-ეკონომიკური და სულიერ-მორალური გარემო. ყოველივე ეს არსებითად მიზანდასახულ გენოციდს წარმოადგენდა.

ამრიგად, კრემლის სტრატეგიული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად საქართ­ველოში შეიქმნა ისეთი სახალხო მეურნეობა, რომელიც სტრუქტურულად, ტექნოლო­გიურად და ფუნქციურად მიჯაჭვული, დამორჩილებული და დამოკიდებულია საერთო იმპერიული ეკონომიკური სისტემისადმი, რაც არა მხოლოდ აძლიერებს ცენტრის მიერ მისი ჩაგვრისა და ექსპლოატაციის შესაძლებლობებს, არამედ, ამავე დროს, საჭიროების შემთხვევაში აძლევს კრემლს ეკონომიკური დესტაბილიზაციის საკმაოდ მძლავრ საშუალებებს, რასაც იგი ახლა უკვე სისტემურად და ფართოდ იყენებს.

ოთხმოციანი წლების შუახნიდან მსოფლიოში მიმდინარე უახლესი მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ფონზე, ცენტრალურად დაგეგმვად ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ სისტემაზე დაფუძნებულმა სოციალ-იმპერიალისტურმა პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა სისტემამ სრულად ამოწურა თავისი შესაძლებლობანი, რაც გამოიხატა ეკონომიკური განვითარების ტემპების უკიდურეს დაცემასა და გამუდმებულ კრიზისში. ამ კრიზისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოხატულება გახდა კრემლისა­თვის მთავარზე-უმთავრესის – სამხედრო-სტრატეგიული პოტენციალის მნიშვნელოვანი დაქვეითება. ამ დროს იმპერიის ისტორიაში პირველად გამოიკვეთა რომ მის ეკონომიკურ სისტემას არ ძალუძს თანამედროვე უმძლავრესი (კოსმოსური ომისათვის განკუთვნილი და ულტრაკომპიუტერიზირებული) იარაღის შექმნა, რაც სრულიად საგანგაშო შეიქმნა და კრემლის მესვეურები ამჯერად იძულებულნი გახდნენ იმპერიის შენარჩუნებისათვის ახალი ეკონომიკური საფუძვლები გამოენახათ, რამაც თავისი გამოხატულება გორბაჩოვისეულ „პერესტროიკაში“ ჰპოვა.

გარდაქმნის უთუო სტიმულატორი და დამაჩქარებელი გახდა ისეთი უახლესი ინფორ­მაციული ტექნოლოგიების შემოტევა, რომელთა მასებზე ზემოქმედების განეიტრალება იმპერიისათვის ტექნიკურად და ადმინისტრაციულად შეუძლებელი აღმოჩნდა – პირველ რიგში ეს ეხება ვიდეოინფორმაციასა და კოსმოსური ტელეინფორმაციის გავრცელებას.

ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლად მიჩნეული იქნა ე.წ. „სოციალისტური მართვადი საბაზრო ეკონომიკის“ შემოღება, რაც შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც ნეოკოლონიალისტური პოლიტიკა, იმპერიალისტური ჩაგვრის ამჯერად უმთავრესად „პრორუსული“ ეკონომიკური (და არა „ჩამორჩენილი“ მბრძანებლური, ადმინისტრაციულ -ბიუროკრატიული) მეთოდების გამოყენების ცდა.

„პერესტროიკის“ ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებელთა ფარული აზრით, „საბაზრო ეკონომიკის“ ვითარებაში მეტროპოლია უფრო ეფექტურად და ნაკლები დანახარჯებით შეძლებს თავისი სანედლეულო და პირველადი სამრეწველო პროდუქტების მომწოდებელი დანამატების – კოლონიების ძარცვას, მისცემს რა მათ შინაგან რესურსებზე დაყრდნობით განვითარების გარკვეულ შესაძლებლობებს. მით­უმეტეს, რომ კრემლს სურს თავის საკუთრებაში დაიტოვოს ყველა მეტნაკლებად გამართული და მომგებიანი სამრეწველო ობიექტები კოლონიებში – ე.წ. „საკავშირო დაქვემდებარების საწარმოები“.

„მართვადობა“ კი, ნეოკოლონიალიზმის მესვეურთა ჩანაფიქრით, გულისხმობს პოლიტიკური ძალდატანების შეფარული მეთოდების გამოყენებას, რითაც ცენტრს სურს კვლავ მიიჯაჭვოს კოლონიები ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით, რაც სრული ზომით აისახა ე.წ. ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაში.

გორბაჩოვისეული პერესტროიკა იმასაც გულისხმობს, რომ თუ ცენტრალურად გეგმავად ადმინისტრაციულ-ბიუროკრატული იმპერიის კოლონიებში, ცენტრის ინტე­რესების გამომხატველები და გამტარებლები იყვნენ, ყოველმხრივ პრივილეგირებული და საკუთარ ერს დაპირისპირებული პარტიული-ბიუროკრატულიი აპარატის, ე.წ. „ნომენკ­ლატურის“ წარმომადგენლები, „განახლებულ კავშირში“, „პრივატიზებული“´და „სოცია­ლისტური მართვადი საბაზრო ეკონომიკის“ პირობებში. ცენტრის დამქაშებად დარჩებიან იგივე პარტიულ-ბიუროკრატული აპარატის წარმომადგენლები, ახლა უკვე პრივა­ტიზებული ეკონომიკის მესვეურთა როლში. ეს კი აუცილებელს ხდის „სოციალისტური პრივატიზაციის“ სასწრაფო, „შოკოთერაპიის“ ტემპში ჩატარებას ისეთი მეთოდებით და ხერხებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ პროცესში „ნომენკლატურის ეკონომიკური ძალაუფლების შენარჩუნებასა და გაძლიერებას.

დაიწყო პოლიტიკური და ადმინისტრაციული კაპიტალის სასწრაფო „გადახურდავება“  ეკონომიკურ კაპიტალად. ყოფილი პარტიული და ადმინისტრაციული ფუნქციონერები სასწრაფოდ ხდებიან პრივატული ასოციაციების, ბანკებისა და კონცერნების პრეზი­დენტები და ფაქტობრივი მფლობელები, კანონიერი მილიონერები, ხოლო მშრომელთა ფართო ფენებს კი წილად ხვდება მასობრივი უმუშევრობა, კვებისა და სხვა საარსებო პროდუქტებზე ფასების უსასრულო ზრდა, ცხოვრების დონის უპრეცენდენტო დაქვეითება.

განსახელმწიფოებრიობას და კერძო მეწარმეობას ხშირად წარმოადგენენ, როგორც ყველა ეკონომიკური სირთულეებისაგან თავის დაღწევისა და ეკონომიკური განვითა­რების სტიმულირების უნივერსალურ და ერთადერთ გზას, მაგრამ აქ არ უნდა გამოგ­ვრჩეს მხედველობიდან, რომ პრივატიზაცია, გარკვეულ შემთხვევებში (როგორც ეს ახლა კრემლს ესახება), შეიძლება წარმოადგენდეს იმპერიალისტური პოლიტიკის გატარების იარაღსაც. ამ დროს იგულისხმება, რომ რესპუბლიკებისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე პრივატიზებული საწარმო, არის რა გარკვეულწილად დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოსგან და აქვს რა შინაგანი ეგოისტური სტიმულები, მეტ მიდრეკილებას გამოიჩენს საერთო იმპერიული ბაზრისადმი და ამით შეიქმნება ერთგვარი წინა­აღმდეგობა პრივატულ საწარმოსა და ამ ეროვნულ სახელმწიფოს შორის.

ამრიგად, ნეოკოლონიალისტური ცნება „მართვადი საბაზრო ეკონომიკა“ – „მართვა­დობაში“ გულისხმობს კოლონიების პოლიტიკურ იძულებას ცენტრის მიერ მათ ძარცვას, ხოლო – „საბაზრო ეკონომიკა“ კი იმას, რომ ეს ძარცვა უპირატესას ეკონომიკური მეთოდებით მოხდება.

კიდევ ერთი ნაღმი, რომელიც ჩადებულია პრივატიზაციის იმპერიულ მოდელში ე.წ. „ახალი კავშირის“ მასშტაბით, არის ერთი რესპუბლიკის პრივატიზებულ საწარმოთა ქონების (აქციების) მეორე (სხვა) რესპუბლიკის მოქალაქეთა ან იურიდიულ პირთა მიერ დასაკუთრების შესაძლებლობა. ამით უნდათ შექმნან იმპერიის შემადგენელ ნაწილთა ურთიერთგადამჯაჭვავი მდგრადი სისტემა, საკუთრების ახალი სივრცობრივ-ტერიტორიული სტრუქტურების შექმნით. თუ ეს განხორციელდა, იმპერიული ინტერესების მატარებლები და გამტარებლები ამა თუ იმ რესპუბლიკაში გახდებიან უცხო რესპუბლიკის მოქალაქეთა ფართო მასები და ამას არ შეუძლია მოახდინოს კარდინალური ზემოქ­მედება რესპუბლიკათშორის ურთიერთობებზე ამჯერად არა მხოლოდ მთავრობათა და პოლიტიკურ დონეზე.

ნეოკოლონიალისტურმა იდეოლოგიამ ახალი მითი, უტოპიური მიზანი შეთხზა. იგი ქმნის ილუზიას, თითქმის ტოტალური და მასობრივი პრივატიზაციის გზით გაჩნდება ყოფილ სახელმწიფო, ხოლო უახლოეს მომავალში პრივატულ საწარმოთა აქციების წვრილ მესაკუთრეთა მრავალასეულმილიონიანი არმია და წვრილბურჟუაზიული ანგარებით შეპყრობილი ამ მასის თავდადებული მცდელობა-მეცადინეობა სულ უმოკლეს დროში შექმნის პროდუქტების არნახულლ სიჭარბეს. ზოგი იქამდეც კი მიდის, რომ უკვე სახავს ღონისძიებებს უახლოეს ხანში მოსალოდნელი ჭარბწარმოების კრიზისის თავიდან ასაცილებლად!

იმპერიის ეკონომიკური პოლიტიკის, როგორც საერთო პოლიტიკის გამომუშავების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი გახდა ნახევრადშემუშავებულ, ნედლ და შეუმოწ­მებელ კონცეფციათა უსწრაფესი ცვლა, რომელსაც თან სდევს შესაბამის პრაქტიკულ ღონისძიებათა უმწეო და ეკონომიკის დამანგრეველი ჩანჩქერი. ამასთან, არ ხდება ეკონომიკურ რეფორმათა მიზნებისა და გზების სერიოზული და ფუნდამენტური შესწავლა და ანალიზი, განვითარების ამა თუ იმ მოდელის  პროგნოსტიკული უზრუნველყოფა, რამეთუ ეს უთუოდ გამოაშკარავებს საერთო გეზის დედაარსსა და მიმალულ მიზანს.

არსებითად პერესტროიკა მეტს არაფერს ნიშნავს, თუ არა დაბრუნებას იმ ეკონომიკურ საწყისებზე, რომლითაც იმპერია ვითარდებოდა XIX და XX საუკუნის მიჯნიდან და რომელმაც საბოლოოდ იგი მაინც სოციალურ და ეროვნულ რევოლუციამდე და ფაქტობრივ დაშლამდე მიიყვანა.

ისტორია მეორდება! მაგრამ ამჯერად იმპერიის აღდგენა არ უწერია. მან ამოწურა თავისი თავი, საუკუნოვან ბოროტებას ბოლო ეღება.

იმპერია ინგრევა, დამონებული ერები სულ უფრო მეტი და მეტი ახალი ძალით ისწრაფვიან პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობისაკენ. საქართველოში, ჯერ 1990 წლის ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნების შედეგად, შემდგომ საყოველთაო რეფერენდუმისა და ბოლოს 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, ქართველი ხალხის მასობრივმა ეროვნულ-განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ რეალური პოლიტიკური ბაზისი შეუქმნა საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, რასაც საფუძველი გარდამავალ პერიოდში უნდა ჩაეყაროს.

გარდამავალი პერიოდი დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის შექმნისა და განვითარების ყველაზე რთულ, წინააღმდეგობრივ და პასუხსაგებ საწყის ფაზად წარმოგვიდგება, რომელსაც ორი უმნიშვნელოვანესი მომენტი ახასიათებს:

პირველი, ეს არის კოლონიური ეკონომიკიდან დამოუკიდებელ ეკონომიკაზე გადასვლის ის პერიოდი, რომელიც ემთხვევა საყოველთაო, ამჯერად უკვე სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აყვანილ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის ყველაზე აქტუალურ, დამაგვირგვინებელ სტადიას, რომელსაც მოსალოდნელია თან სდევდეს იმპერიის ეკონომიკური (და შესაძლოა შეზღუდული მასშტაბების სამხედრო) აგრესია, ბლოკადა, ეკონომიკურ კავშირთა რღვევა და სხვა უაღრესად მძიმე და საგანგაშო მოვლენები და ყველაფერ ამას ემატება თვით იმპერიული ეკონომიკის ნგრევა და სრული კრიზისი.

ამ პერიოდის პირველ ნაწილში ხშირ შემთხვევაში აუცილებელი გახდება საგანგებო, ზოგჯერ საგანგაშო ვითარების შესაბამისი ზომების მიღებაც და ამდენად აუცილებელი გახდება ქვეყნის მეურნეობის საკვანძო ელემენტებში მართვისა და თვითწარმოების ორგანიზაციის ეფექტური და სავსებით გარანტირებული მექანიზმის შექმნა, ისეთის, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკის საკმარის მდგრადობას, სტაბილურობას და აგრესიისადმი წინააღმდეგობის უნარიანობას. ამავე დროს მნიშვნელოვანი ამოცანა გახდება კომუნისტური რეჟიმის მიერ უკანასკნელი წლების განმავლობაში შეგნებულად მოშლილი და გარკვეულწილად უმართვადი ეკონომიკის საერთო აღდგენა და რეკონსტრუქცია.

ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ საქართველოს დეკოლონიზაციის პროცესი ძალზედ მნიშვნელოვნად, კარდინალურად განსხვავდება „ცივილიზებული იმპერიების“ (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, და სხვ.) კოლონიების მდგომარეობისაგან, როდესაც ყოფილი იმპერიები არათუ მშვიდობიანად გადიოდნენ, არამედ – შემდგომშიც წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ ყოფილ კოლონიებს.

კრემლის იმპერიისგან თავის დახსნის პროცესში, უახლოესი 1-2 წლის განმავლობაში მაინც ჩვენ დაგვჭირდება არსებითად საგანგებო გარემოებებზე მორგებული სახალხო მეურნეობის შექმნა, როდესაც მთავარია არა მხოლოდ ეკონომიკური წინსვლა-განვითარება, არამედ – სრული ეკონომიკური კრიზისისა და აბსოლუტური კრიზისისგან თავის დაღწევა. ეს კი სავსებით მოსალოდნელია, რამდენადაც, რაც უფრო მეტად კარგავს იმპერია პოლიტიკური ზეგავლენის საშუალებებს საქართველოზე, მით უფრო მეტად შეეცდება გამოიყენოს ეკონომიკური ზეგავლენის ფორმები. ასეთ პირობებში კი, ისეთი დემოკრატიული ქვეყნებიც, როგორიცაა თუნდაც აშშ და დიდი ბრიტანეთი (რომლის ტერიტორიაზეც საომარი მოქმედებები არ ყოფილა) მიმართავენ საგანგებო ზომებს ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ახალ ხელისუფლებას პირველივე დღეებიდან უწევდა და კიდევ საკმაო ხანს სისტემატურად მოუწევს კრემლის ეკონომიკური აგრესიისგან მოსახლეობის დაცვის ქმედითი და სასწრაფო ღონისძიებების მიღება, მაგალითად ისეთის, როგორიც გატარდა მსხვილი ფულადი ნიშნების შეცვლისას (როდესაც ხალხს მაქსიმალურად შეეწყო ხელი, რათა არ დაეკარგათ დანაზოგი) ან როგორც იყო პირველადი მოხმარების საგნების საცალო ფასებისა და სამგზავრო ტრანსპორტით სარგებლობის ფასების დაწევის ღონისძიებები, გაყიდვის გადასახადით დაბეგრვის პროდუქციის ნუსხის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც განხორციელდა რესპუბლიკის უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. ეკონომიკური მართვადობის საკმარისი ეფექტურობის დამადასტურებელი გახდა ის ქმედითი ზომები, რომლებიც მიღებულია მიწისძვრის უმძიმესი შედეგების მაქსიმალური განეიტრალებისთვის და სხვა.

არ შეიძლება  იმის იგნორირება, რომ ეკონომიკის გარკვეულწილად უნიათო, არაკვა­ლიფიცირებული და კორუმპირებული მმართველი და საშემსრულებლო აპარატის სწრაფი შეცვლა ან გარდაქმნა, რომელიც შთამომავლობად სოციალ-იმპერიალიზმმა დაგვიტოვა, პრაქტიკულად შეუძლებელია და არც იმისა, რომ ამ აპარატის ერთი, მეორე, მაგრამ მტრულად განწყობილი ან განაწყენებული ნაწილი, ყოველგვარად შეეცდება ეკონომიკურ საბოტაჟსა და სხვა მაქინაციების განხორციელებას.

ამიტომ, უნდა ვიყოთ რეალისტები, ვიყოთ ფხიზლად, მოვიკრიბოთ მოთმინება და განვეწყოთ გარდაუვალი ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად. ეროვნული განთავისუფლებისათვის ბრძოლის გზა შეიცავს ეკონომიკური თავისუფლებისათვის ბრძოლასაც და იგი მარტივი და ხანმოკლე არასოდეს ყოფილა.

რესპუბლიკის ხელისუფლებამ, განსაკუთრებით გარდამავალი პერიოდის პირველ ნაწილში, უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური და განსაკუთრებული სიფხიზლე, აუჩქარებლობა და სულიერი სიმტკიცე მსხვილმასშტაბოვანი და  ძირფესვიანი რეფორმების მომზადებისას და რეალიზაციისას.

იგი არ უნდა აჰყვეს პოლიტიკური ოპოზიციის ყიჟინას, ამგვარ რეფორმათა სასწრაფო, გადაუდებელი გატარების დაჟინებულ მოთხოვნებსა და ამის გამო ატეხილ სპეკულაციურ აჟიოტაჟს.

ეკონომიკა ის სფერო არ არის, სადაც აჩქარებულობა სიკეთემდე მიგვიყვანს. ყოველთვის უნდა ვიქონიოთ მხედველობაში, რომ რიგ ეკონომიკურ მოვლენებსა და პროცესს პრაქტიკულად შეუქცევადობის ტენდენცია აქვს და გაფუჭებულის გამოსწორება აქ ძალზედ ძნელი და ზოგჯერ შეუძლებელიცაა. უმჯობესია გვქონდეს არც თუ კარგად, მაგრამ ასე თუ ისე მომუშავე ეკონომიკა, ვიდრე – ნაადრევი, უხეში და მოუზომელი ჩარევის შედეგად სავსებით დანგრეული და მოშლილი.

გარდამავალი პერიოდის მეორე ნაწილში, როდესაც მიღწეული იქნება პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის საკმარისი დონე და ქვეყანას შეეძლება შედარებით მშვიდ ვითარებაში იმოქმედოს, – დღის წესრიგში აქტიურად დადგება საქარ­თველოს ეკონომიკის საფუძვლიანი რეორგანიზაცია-განახლების საკითხი, ერის სამომავლო და გრძელვადიანი სტრუქტურული ეკონომიკური მიზნების განსახორ­ციელებლად, როდესაც მაქსიმალურად მოხდება იმ უმდიდრესი ბუნებრივი, გეოპოლი­ტიკური და, რაც მთავარია, შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, რაც საქართვე­ლოსა და ქართველ ხალხს გააჩნია. ამისთვის კი ჩასატარებელია დიდი მოცულობის წინასწარი და მოსამზადებელი სამუშაოები და პირველ რიგში თეორიული, საკანონ­მდებლო და ფაქტოგრაფიული (საზოგადოებრივი ქონების საფუძვლიანი და სანდო აღწერა-კადასტრების შედგენა და საინვენტარიზაციო აღრიცხვა).

მასშტაბოვან და ძირეულ გარდაქმნებს წინ უნდა უსწრებდეს არა მხოლოდ ღრმა მეცნიერული ანალიზი, დაგეგმვა და პროგნოზი, არამედ მცირე მასშტაბებში, შეზღუდულ ფარგლებში ჩატარებული ეკონომიკური ექსპერიმენტებიც.

ამის შემდეგ უკვე სრული ზომითა და მასშტაბებით შეიძლება ჩატარდეს ის სამუშაოები, რომლებიც საჭიროა სრულფასოვანი დამოუკიდებელი ეკონომიკის საფუძვლების ჩასაყრელად. ეს გულისხმობს, ერთის მხრივ – როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან, ასევე დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებთან ახალი, მრავალ­ფეროვანი და მჭიდრო ეკონომიკური კავშირურთიერთობების დამყარება-გაფართოებას და მეორე მხრივ – ეკონომიკის თვისობრივად ახალი სტრუქტურის შექმნა-განვითარებას.

მეორე. ეს არის თვითმყოფადი ქართული პოლიტიკური ეკონომიის სკოლისა და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს სტრატეგიული ეკონომიკური მიზნებისა და შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის, მისი რეალიზაციის გზითა და საფუძველთა ფუნდამენტური შემუშავება (რაც განვლილი სამოცდაათი წლის განმავლობაში გასაგები მიზეზების გამო არ მომხდარა), რომელსაც საკსაკმაო დრო და ქართველ მეცნიერთა და წარმოების ორგანიზატორთა ერთობლივი და ინტენსიური მუშაობა დასჭირდება და რისთვისაც უნდა მოეწყოს ფართო, საჯარო მეცნიერული ეკონომიკური დისკუსია. ეს საფუძვლები კი, როგორც დიდი ილია გვმოძღვრავდა, აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ქართულ სულს, ხასიათსა და გარდაუვალ ტრადიციულ ფასეულობებს.

როგორ ილუზიებსაც არ უნდა ქმნიდნენ ცალკეული ეკონომისტები, ჩვენ მაინც რეალისტები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ მსოფლიოს ჯერ არ აქვს სოციალ-იმპერიალიზმის კოლონიური ეკონომიკიდან დამოუკიდებელ და თავისუფალ ეროვნულ ეკონომიკაზე გადასვლის რაიმე მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება, უნივერსალური რეცეპტები და სანდო თეორიული ცოდნის საფუძვლები. ამიტომ ჯერჯერობით არ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა და რეალური ვითარების ამსახველი დახვეწილი და სრულყოფილი ეკონომიკური მოძღვრება (თუმცა ზოგიერთი ეკონომიკური მიმართულებები და ცალკეული ელემენტები – კერძო წარმოებრივი თაოსნობის თავისუფლება, საბაზრო ეკონომიკა, პრივატიზაცია და სხვა ცნობილი და გააზრებულია). აქტიურად უნდა შევისწავლოთ ის პოზიტიური გამოცდილებაც, რომელსაც თანდათანობით დააგროვებენ იმპერიისაგან განთავისუფლებული ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. უნდა ვაღიაროთ, რომ ის სანუკვარი, თავისუფალ მეწარმულ ინიცია­ტივაზე და საბაზრო ეკონომიკაზე აგებული სისტემა, რომლისკენაც ასე ვისწრაფვით, არა თუ გამოცდილი და შეთვისებული, არამედ – ნანახი და გაგონილიც კი ჯერ არ გვაქვს, ხოლო ის ცოდნა და გამოცდილება, რაც უცხოეთში ხანმოკლე მივლინებებისა თუ ტურისტული მოგზაურობის დროს, ან კიდევ საკმაოდ მოძალებული უცხოური ვიდეოფილმებიდან და მენეჯერთა რამდენიმე კვირიან ან თუნდაც რამდენიმე თვიან კურსებზე მივიღეთ, სულაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მთელი ერი უცნობი სოციალ-ეკონომიკური სისტემის მორევში გადაეშვას. საჭიროა ახალი ეკონომიკური წესწყობილების შესაბამისი სწავლების სისტემის შემოღება – დაწყებული საშუალო სკო­ლიდან და დამთავრებული უმაღლესით და თვით მეცნიერული კვლევით (კაპიტა­ლისტური წყობილების შესწავლა ჩვენში ხომ მხოლოდ ამ სისტემის მარქსისტულ-პროპა­განდისტული და ზერელე კრიტიკით ამოიწურებოდა).

ისიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ მაღალგანვითარებული (მითუმატეს განვითარების პოსტინდუსტრიულ სტადიაზე მყოფი) ქვეყნების ეკონომიკური მოდელები, ეკონომიკური იდეოლოგია, რიგ შემთხვევაში შესაძლოა ჩვენ არ გამოგვადგეს – ამ ქვეყ­ნებმა განვლეს განვითარების პრაქტიკულად სრულიად სხვა გზა, და ამ გზის საწყისი და საშუალო ეტაპი (კაპიტალის პირველადი დაგროვება, ეკონომიკური-ადამიანურ ურთიერ­თობათა – თავისუფალი მეწარმის ფსიქოლოგიისა და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, მსხვილი კაპიტალის შექმნა და სხვა) – სრულიად სხვა ისტორიულ და გეოპოლიტიკურ ვითარებაში მიმდინარეობდა.

ჩვენთვის, თუმცა კი, ამის აღიარება ლახავს ჩვენს თავმოყვარეობას, ზოგ შემთხვევაში უფრო მისაღები იქნება, ის აპრობირებული გზები, რომლებიც გაიარეს და კიდევ გადიან განვითარებადი (ვთქვათ თურქეთი, სირია, ინდოეთი და სხვა, რომელთაც არ გააჩნიათ რაიმე მსოფლიო დიდი სტრატეგიული რესურსი – მაგალითად ნავთობი), სადაც დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელმწიფო-კაპიტალისტური ეკონომიკა, ფართოდ გამოიყენება სახელმწიფო დაგეგმვის ე.წ. „მოქნილი“ სისტემა და სხვა, ე.წ. სტეიტიზმის, ეთატიზმის ჩვენი სინამდვილისადმი კარგად მორგებული ვარიანტი. აქ ისიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ სახელმწიფო კაპიტალიზმის მექანიზმს ამა-თუ-იმ სა­ხით განვითარების ინდუსტრიულ სტადიაზეც კი ფართოდ იყენებდნენ თვით ახლანდელი ყველაზე განვითარებული ქვეყნები – დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და სხვ.

ჩვენთან იშვიათად თუ ვინმემ იცის, რომ ისეთი პროფილის საავტომობილო გიგან­ტები, როგორიცაა „რენო“ (საფრანგეთი), ალფა-რომეო (იტალია), „ფოლკსვაგენი“ (გერ­მანია) სახელმწიფო-კაპიტალისტური კომპანიებია. ამ ქვეყნებში მთელი ეკონომიკის 20-30% ახლაც სახელმწიფოს ხელშია, ხოლო კაპიტალდაბანდებათა ნახევარზე მეტს, განვითარების სულ ბოლო, პოსტინდუსტრიულ ეტაპამდე სწორედ სახელმწიფო ეწეოდა. ამ ქვეყნებში დემოკრატიული, ეროვნული სახელმწიფო უმსხვილესი, ყველაზე სტაბილური და სანდო კაპიტალისტია და სწორედ მის მხრებს აწევს ამ ქვეყნის მოსახ­ლეობის ფართო მასების კეთილდღეობის ტვირთი სახელმწიფო კაპიტალიზმის ფართო გავრცელების მიუხედავად, აქ სრული მასშტაბით მოქმედებს კონკურენცია და არა მხოლოდ კერძო კომპანიებს შორის, ან სახელმწიფოსა და კერძოს შორის, არამედ – თვით სახელმწიფო საწარმოთა შორისაც და თუ ვინმე ამ სექტორს სოციალისტურს დაარ­ქმევს, მან ისიც უნდა დაამატოს, რომ ეს სხვანაირი, ეფექტური, მობილური და, რაც მთავარია, ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობი ეკონომიკური სისტემაა!

საქართველოს ეკონომიკური განვითარების არსებული ეტაპის თავისებურებებიდან გამომდინარე, ეკონომიკური, სტრატეგიული პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს შერე­ული, მრავალწლიანი ეკონომიკის საფუძველთა შექმნისთვის, რომელშიაც თანდა­თანობით, ცოდნა-გამოცდილების შეძენის შესაბამისად და გეგმაზომიერად მოხდება საკუთრების გადანაწილება და გადაჯგუფება უპირატესად სოციალ-იმპერიალისტური და კოლონიური ფორმირებიდან თავისუფალ, ეროვნულ საზოგადოებრივი, კოლექ­ტიურიდან – ინდვიდუალურისკენ; სახელმწიფოსაგან – კერძოსკენ. ამ პოლიტიკის შესა­ბამისად მოხდება როგორც სახელმწიფოებრივი (საზოგადოებრივი), ასევე პრივატული სექტორების თანდათანობითი, ჰარმონიული და გაწონასწორებული განვითარება. ამას­თანავე, და რაც უმნიშვნელოვანესია, სოციალ-ეკონომიკურმა პოლიტიკამ არსებითი დაც­ვითი ფუნქცია უნდა იკისროს იმისათვის, რომ არ მოხდეს მოსახლეობის ფართო ფენების გაღატაკება და მისი ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი დაქვეითება. ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის პრივატიზაციაც, აუცილებლად უნდა ხორციელდებოდეს ხალხის ნება-სურვილისა და ამ რეფორმებისათვის მისი მზადყოფნისდა შესაბამისად.

გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, პირველ ხანში მაინც, ამჯობინებს შეჩვეულ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში – სახელმწიფო საწარმო-დაწესებულებებში შრომას. ამრიგად, საბოლოო მიზნად უნდა დაისახოს ეკონო­მიკური ურთიერთობების ფართო ჰარმონია – უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმალური პირობები, როგორც იმათთვის, ვისაც ეკონომიკური, სამეურნეო თაოსნობისა და ინიციატივის აქტიური გამოჩენა უნდა, ასევე იმათთვის – ვინც ამჯობინებს შედარებით წყნარ, რიტმულ ცხოვრებასა და შრომას სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ, სტაბილურ პირობებში.

ამ მიზნის განხორციელებისათვის საჭირო გახდება, უპირველეს ყოვლისა, ტოტა­ლიტარული, კოლონიური სექტორის გარდაქმნა – ეროვნულ, საბაზრო საზოგადოებრივ სახელმწიფო სექტორად, რომელშიაც ორგანულად იქნება შერწყმული როგორც საბაზრო ელემენტები, ასევე – სოციალური და პოლიტიკური მიზნების მტკიცე უზრუნ­ველყოფა, გარდამავალ პერიოდში საზოგადოებრივ სექტორში ეკონომიკური სტაბი­ლურობის (ანუ სახელმწიფო საწარმო-დაწესებულებებში ეკონომიკური თავის­უფლების) დანერგვა მის მრავალ დარგში შესაძლებელს გახდის სოციალურ-ეკონომი­კური ეფექტუ­რობის მნიშვნელოვან ზრდას, ეს პირველ რიგში და აუცილებლად უნდა განხორციელდეს იმ დარგებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნული ეკონომიკის ზოგად საფუძვლებს (სამთო ციკლი, ენერგეტიკა, მეტალურგია, საბაზო სამშენებლო მასალების წარმოება, მასობრივი ტრანსპორტი, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის მსხვილი ობიექტები და სხვ.). ამასთან, ერთის მხრივ, უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური სტაბილურობა და მდგრადობა და, მეორე მხრივ – უნდა შეიქმნას საკმარისი საფუძვლები, ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ სუსტი და გამოუცდელი კერძო ანუ პრივა­ტული ეკონომიკის განვითარებისათვის. ამრიგად მოხდება თანდათანობითი გადასვლა სახელმწიფო მართვისა და დაგეგმვის ხისტი, ცენტრა­ლიზებული, მბრძანებლური სისტე­მიდან – მოქნილ, დეცენტრალიზებულ, წამახა­ლისებელ სისტემაზე.

ეკონომიკური რეფორმების გატარებისას უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ  საზოგადოებრივი (სახელმწიფო) ეკონომიკის (ანუ წარმოების სახელმწიფო სექტორის) ბუნება და არსი განსხვავებულია ტოტალიტარულ, იმპერიალისტურ ქვეყანაში და დემოკ­რატიულ, თავისუფალ ქვეყანაში, ტოტალიტარიზმის დროს, სახელმწიფო-მონოპოლის­ტური ეკონომიკა, პირველ რიგში, კოლონიების და თვით მეტროპოლიის ჩაგრული ფენების ძარცვის იარაღია, აქვს ხისტი და მოუქნელი მინაგანი ორგანიზაცია, მკვეთრად ცენტრალიზებული და ტოტალურად გეგმვადია – და სწორედ ამიტომ არის რეგრესიული და არ გააჩნია განვითარების შინაგანი სტიმულები.

თავისუფალი ქვეყნის სახელმწიფო სექტორი არსებითად საზოგადოებრივი, საბაზრო სისტემაზე ორიენტირებული და ეროვნული სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი ეკონო­მიკაა, რომელსაც მიზნებს უსახავს და მართავს ხალხის მიერ არჩეული ცენტრaლური თუ რეგიონული სახელმწიფო საკანონმდებლო და აღმასრულებელ-განმკარგულებელი ხელისუფლება. ასეთი ეკონომიკა მოქნილი ხერხებით იმართება, მისი დაგეგმვა არსე­ბითად კაპიტალდაბანდებათა და უმთავრესი სამომავლო მიზნების დასახვის ხერხებით ხდება, იგი მნიშვნელოვანწილად განვითარების შინაგანი სტიმულებისა (სოციალური უზრუნველყოფის მაღალი დონე, მოგების ნაწილის შინაგანი გადანაწილება, მენეჯერთა შრომის მაღალი ანაზღაურება და სხვ.), საზოგადოებრივი კონტროლით და საბაზრო ურთიერთობების გზით ვითარდება.

ამ თავისებურებათა გათვალისწინებით საზოგადოებრივი სექტორი ფაქტობრივად არის მსხვილი სააქციო საზოგადოება (მაგ.: რიგი მსხვილი ამერიკული და მულტინაცი­ონალური კორპორაციების კაპიტალი უფრო დიდია, ვიდრე მთელი საქართველოს საზოგადოებრივი ქონება), რომლის აქციონერებია მთელი ერი ან ამა თუ იმ რეგიონის მოსახლეობა და რომელიც ამ ერის ინტერესებში და ამ ერის მიერ არჩეული (დანიშნული) მენეჯერების მიერ იმართება. გავიხსენოთ, რომ თავისუფალი სამყაროს დიდ კორპორაციათა უმრავლესობა სააქციო საზოგადოებებია – რომელთა აქციონერთა რიცხოვნობა ზოგჯერ მილიონ კაცს აჭარბებს. ამ კორპორაციების საწარმოები დაქირა­ვებულ მენეჯერთა მიერ იმართება და აქ დაქირავებული მუშახელი მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრე და შემსრულებელი აქ სხვადასხვა პირებია (როგორც სახელმწიფო ეკონომიკაში), ისინი არანაკლებ, და ზოგჯერ უფრო ეფექტურიც კი არიან, ვინემ ის საწარმოები, რომელთაც უშუალოდ მართავენ მათი მესაკუთრეები.

აღსანიშნავია, რომ დასავლური, თვით საბაზრო ეკონომიკის ტერმინოლოგიით, სახელმწიფო-კაპიტალისტურ წარმოებას შეესაბამება ტერმინი „საზოგადოებრივი წარმოება“ და არა „სახელმწიფო წარმოება“, ამით საკმაოდ კარგად ჩანს საზოგადოებრივი ცნობიერების მიმართება ამ სექტორისადმი.

საზოგადოებრივი (სახელმწიფო) საწარმოები უნდა გარდაიქმნან აქციონერულ-საზოგადოებებად, რომელთა აქციების საკონტროლო დასტა საჭიროების შემთხვევაში მუდმივად სახელმწიფოს ხელთ იქნება. ეს აქციები გეგმაზომიერად და გარკვეული დოზებით, – რაც უმაღლესი სახელმწიფო გადაწყვეტილებით დარეგულირდება (რათა არ გამოიწვიოს ამ აქციების ფასის ზედმეტი დაცემა – სახელმწიფო ქონების გაუფასურება, ან ნაღდი ფულის მოზიდვის საჭიროებისას, ან ინფლაციური პროცესის სტაბილიზებისათვის), – გაიყიდება სააქციო ბაზარზე (ბირჟაზე). აქციების მყიდველები კი იქნებიან მოქალაქეები ან კოლექტიური სუბიექტები (კომერციული ბანკები, სააქციო საზოგადოებები, კოოპერატივები და სხვ.).

ჩრდილოვან ეკონომიკაში დაგროვილი ფულის უტილიზაცია, საჭიროების შემთხვე­ვაში, შესაძლოა ანონიმური საბანკო აქციების გამოყენების გზით. ეს ერთის მხრივ მოიზი­დავს ამ ფულს, ხოლო მეორე მხრივ საზოგადოებრიობას ააცილებს ჩრდილოვანი ეკო­ნომიკის უშუალო და პირდაპირ ზეგავლენას საზოგადოებრივ წარმოებაზე.

განსახელმწიფოება შეუფერხებლად და პირველ რიგში უნდა მოხდეს ეკონომიკის ისეთ დარგებში და ისეთ წარმოებებში, სადაც მეურნეობის ძირითადად ორგანიზაციულ  ფორმას ინდივიდუალური, ოჯახური ან მცირემასშტაბოვანი მეურნეობა შეესაბამება – როგორიცაა სოფლის მეურნეობა, წვრილი მრეწველობა, მომსახურების სფერო და სხვა პრივატული ეკონომიკის შექმნა უნდა მოხდეს არა მხოლოდ განსახელმწიფოების (დენა­ციონალიზაციის), ანუ არსებულ სახელმწიფო საწარმოთა კერძო მესაკუთრეთათვის სხვადასხვა ხერხით გადაცემის გზით (მიყიდვა, არენდა და სხვ.), არამედ – და უპპირატესად, ახალ კერძო  საწარმოთა შექმნით, რასაც სახელმწიფმ ყოველგვარად უნდა შეუწყოს ხელი (შეღავათიანი დაკრედიტებით, საგადასახადო პოლიტიკით და სხვ.).

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის დარგები და საწარმოები (მათი მასშტაბების თვალსაზრისით) სადაც სახელმწიფო სექტორი არანაკლებ ეფექტურიცაა ვიდრე პრივა­ტული. სულ სხვა საკითხია, რომ ეს მოითხოვს სახელმწიფო (საზოგადოებრივი) მართვის კონტროლისა და ზედამხედველობის დემოკრატიული, ეროვნული, პატრიოტული და არა იმპერიალისტური, ერის მიმართ მტრული და ამდენად არსით კორუმპირებული სისტემის შექმნას.

გააზრებული უნდა იქნას, რომ ჩვენი წარმოების ახლანდელი არაეფექტურობის მიზეზი არა მხოლოდ მართვის ან საკუთრების ფორმების ჩამორჩენილი სისტემაა, არამედ ისიც, რომ წარმოებათა დიდი უმეტესობის ტექნოლოგიური ბაზა უკიდურესად მოძველებულია, ხოლო მისი შეცვლა კი, ისეთ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომელსაც პრივატული სექტორი კიდევ საკმაო ხანს ვერ შესწვდება.

არც ის უნდა მივიჩნიოთ სწორად, რომ პრივატული ეკონომიკის შექმნის არსებითად ერთადერთი ან კიდევ უპირატესი გზა, სახელმწიფო საწარმოთა კერძო მფლობელების ხელში სწრაფი და არსებითად კონტროლის გარეშე გადაცემაა. სწრაფი და სტიქიური პრივატიზაციის დროს არსებობს იმის დიდი საშიშროება, რომ ეკონომიკურ ძალაუფლებას (რაც გარკვეულ შემთხვევაში პოლიტიკურ ძალა-უფლებასაც ნიშნავს) ხელთ ჩაიგდებდნენ კრიმინოგენული წრეები ან კომპრადორული წრეები ან კომპრადორული (არაეროვნული) ბურჟუა (კერძო პირები ან „ერთობლივ საწარმოს“ ამოფარებული უცხოური კაპიტალი). ამავე დროს, აუცილებლად შეიქმნება და გაძლიერდება ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული აპარატისა და კრიმინალური წრეების მჭიდრო ანგარებითი ალიანსი, რაც შემდგომ დიდ და ძნელად დასაძლევ პრობლემებს შექმნის და შესაბამისად გააძლიერებს სოციალურ წინააღმდეგობებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში ამჟამად ფაქტობრივად არ არსებობს კერძო მწარმოებლური კაპიტალის მოვლა-პატრონობის დაცვა-ფარვის ტრადიცია და ჩვევები (ე.წ. კაპიტალისტური, ბურჟუაზიული ფსიქოლოგია, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანეს  ფასეულობას სწორედ მწარმოებლური კაპიტალი – თვით საწარმო წარმოადგენს), ამიტომ მოგების უდიდესი ნაწილი, პირველ ხანებში მაინც, კერძო მეწარმეთა პირად მოხმარებას – ფუფუნების დარდიმანდულ ცხოვრებას შეეწირება (ამის ნათელ მაგალითებს ახლაც მრავლად იძლევიან არა მარტო ნკრიმინალები, არამედ კოოპერატორებიც) და არა წარმოების ზრდა-გაფართოებას.

საზოგადოებრივად უფრო სწორი იქნება უზრუნველვყოთ კერძო თაოსნობისთვის საჭირო თავისუფლება და სხვა პირობები (მაგ.– გარანტიით უზრუნველყოფილი დაკრედიტება), რათა კერძო კაპიტალმა შეძლოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სწრაფი განვითარება, – ძირითადში ახალი, მისი საკუთარი საწარმოების შექმნა-მშენებლობით (თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ მის მიერ,  უპირატესად ჩამორჩენილ და არამომგებიან სახელმწიფო საწარმოთა აქციების შესყიდვის გზითაც).

კერძო პირთა განკარგულებაში არსებული ფულადი რესურსები რესპუბლიკაში, ალბათ, 15-20 მლრდ მანეთს შეადგენს. ეს არცთუ ბევრია – ერთ სულზე საშუალოდ 3-4 ათასი მანეთი და ოჯახზე 12-16 ათასი მანეთი. აქედან ფულის უდიდესი ნაწილი პირადი და საოჯახო (მათ შორის „შავი დღისათვის“) მიზნებისათვისაა გადადებული, ამიტომ შესაბამის პირობებში ბიზნესის სფეროში ჩაებმება არა უმეტეს 5-7 მლრდ. მანეთიისა, რითაც შესაძლოა საბაზრო ფასებში რამდენიმე წლის განმავლობაში გამოსყიდული იქნება სახელმწიფო მწარმოებლური კაპიტალის მეათასედზე ნაკლები, ხოლო თუ ეს რესურსი წარიმართება ახალი საწარმოების შექმნა-მშენებლობისაკენ – მაშინ ერთობლივი მწარმოებლური სიმძლავრეები ამავე პერიოდში ათი პროცენტით გაიზრდება, სახელმწიფო კაპირალდაბანდების გარეშეც.

ამდენად, საქართველოს საბაზრო ეკონომიკასა და თავისუფალ წარმოებრივ თაოსნობაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნისათვის არსებობს არა ერთადერთი – პრივატიზაციიც, არამედ ორი ძირითადი მიმართულება:

1. ე.წ. სოციალისტური სახელმწიფო სექტორის გარდაქმნა საბაზრო საზოგადოებრივ (სახელმწიფო-კაპიტალისტურ) სექტორად;

2. პრივატული სექტორის შექმნა-გაფართოება ორი გზით:

ა) ახალი პრივატულ საწარმოთა შექმნით;

ბ) საბაზრო საზოგადოებრივი სექტორის საწარმოო-დაწესებულებათა ნაწილობრივი ან სრული პრივატიზაციით (დენაციონალიზაციით).

საღი აზრი მოითხოვს ამ მიმართულების ზომიერ, პროპორციულად აწონილ-დაწო­ნილ გამოყენებას უკიდურესობებისა და აჩქარებულობის გარეშე. იგივე საღი აზრი იმასაც წარმოაჩენს, რომ რეფორმების განხორციელების ყველაზე უსაფრთხო, გარანტირებული და ამდენად უახლოესი საწყისი როგორც მიმართულება სწორედ პირველია.

ამით შესაძლოა მიღწეულ იქნას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის უფრო სწრაფი ზრდა: არსებული სახელმწიფო სექტორი იმოქმედებს რა უკეთესი, საბაზრო პრინციპით – გაზრდის პროდუქციის მოცულობებს, ხოლო კერძო სექტორი კი შექმნის რა ახალ წარმოებრივ სიმძლავრეებს და დაეუფლება არარენტაბელურ სახელმწიფო საწარმოებს – პროდუქციის საერთო მოცულობას კიდევ უფრო მოუმატებს.

საზოგადოებრივი და პრივატული სექტორების განვითარება პარალელურად უნდა ხდებოდეს, ორივე სისტემისათვის თანაბარი ეკონომიკური პირობების შექმნისა და მათი თავისუფალი, კონკურენტული შეჯიბრის ვითარებაში და არა რომელიმე მათგანისათვის პრივილეგირებული ან კაბალური მდგომარეობის შექმნით. მხოლოდ ასეთ ვითარებაში შემოწმდება პრაქტიკულად თუ წარმოების რომელ დარგში და რომელ სფეროშია უმჯობესი ესა თუ ის სექტორი.

ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალური ღონისძიებები უნდა გამოვიმუშაოვოთ იმისათვის, რათა მოხდეს სოციალ-იმპერიალისტური ეკონომიკის რღვევის, ეკონომიკური აგრესიისა და საბოტაჟის დროს გამძაფრებული და პრივატიზაციის პროცესში მოსალოდ­ნელი უარყოფითი მოვლენების მნიშვნელოვანი განეიტრალება (ქურდობა, რეკეტი, დატაცება, მექრთამეობა, სპეკულაცია, პარაზიტული ოპერაციები და სხვ.), რომლებიც არსებითად სირთულეებს შეგვიქმნიან მანამ, სანამ ცოცხალია მახინჯი იმპერიული, კოლონიური ეკონომიკისა და შესაბამისი ეკონომიკური ურთიერთობის გადმონაშთები. ამისთვის პრივატიზაციის ჩატარებას თან უნდა ახლდეს ამ პროცესების საჯაროობა, სისტემატური და ობიექტური ეკონომიკური ანალიზი.  განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ საწარმოთა პრივატიზაციისას, რომლებსაც მონოპოლისტური მდგომარეობა აქვთ (ასეთები კი ჩვენსავით მცირე ქვეყანაში მრავლადაა), მნიშვნელოვნად განსაზ­ღვრავენ მოსახლეობის ცხოვრების დონეს, ფასების მოძრაობას და ამით შესაძლებელია უარყოფითი გავლენა მოახდინონ მოსახლეობის ფართო ფენების ეკონომიკურ მდგომა­რეობაზე, მით უმეტეს კვებისა და ფართო მოხმარების საგნების მკვეთრი დეფიციტის პირობებში.

ეკონომიკური რეფორმების, განსაკუთრებით კი პრივატიზაციის განხორციელების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ ეკონომიკურ პროცესებს თავისი შინაგანი, ბუნებრივი ტემპები გააჩნიათ და მათი იძულებით დაჩქარებას ან შენელებას არა­სასურველი შედეგები მოჰყვება, ასეთივე შედეგები მოჰყვება ეკონომიკური წყობის უხეშ მოუზომელ და მძაფრ შეცვლასაც თუნდაც თეორიულად უკეთესი წესწყობილებისაკენ.

გარდამავალი პერიოდის პირველ ნაწილში ეკონომიკური პოლიტიკის ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გახდება საგანგებო მოკლევადიანი კომპლექსური პროგრამების შემუშავება და რეალიზაცია, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მოსახლეობის საყოფა­ცხოვრებო  მინიმუმით გათვალისწინებული კვებისა და ძირითადი სამომხმარებლო საქონლით სტაბილური უზრუნველყოფა.

თავისთავად იგულისხმება, რომ მთელი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ქმედითი და ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვასა და გატარებას მოსახლეობის იმ ფენების დასაცავად, რომლებსაც მცირე შემოსავლები აქვთ. ხეიბრებისა და ინვალიდებისათვის, უმუშევრად დარჩენილებისათვის, რაც დიდ სახელმწიფო ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.

გარდამავალი პერიოდის შუახანებიდან კი, შესამუშავებელი და განსახორციელებელი გახდება ისეთი მასშტაბური პროგრამები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ეკონომიკის საკვანძო დარგების პრიორიტეტული შექმნა-განვითარება, საგარეო-ეკონომიკური ურთი­ერთობების გაფართოვება და სხვ. ეს გულისხმობს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა – ეროვნული საბანკო სისტემის შექმნა და ეროვნული ფულის შემოღება; მოქნილი და ეფექტური საგადასახადო სისტემის დანერგვა; რეგიონული, ადგილობრივი ეკონომიკური სტრუქტურების განმტკიცება და მრავალი სხვა.

საქართველოს ეკონომიკური განახლების კონცეფციის პრობლემათა ამ მოკლე ჩამონათვალის ბოლოს, რაც თაობათა ნააზრევის ესტაფეტამ და მოვლენათა განვითარებამ ჩვენს დღის წესრიგში დააყენა, უნდა ჩამოყალიბდეს კატეგორიული მოთხოვნა იმისა, რომ ყოველი ღონისძიების პროექტს (საკანონმდებლო იქნება იგი თუ პრაქტიკული), უნდა ახლდეს დაწვრილებითი და საკონტროლო ციფრებით დასაბუთებული პროგნოზი მისი ზეგავლენისა ეკონომიკისა და სოციალურ სფეროზე საერთოდ, მოსალოდნელი, უარყოფითი შედეგებისა და მათი დაძლევის გზების მითითებით. აქ ათჯერ უნდა მოვზომოთ და თუ აუცილებელი და უსაფრთხო არ არის – არ უნდა მოვჭრათ. ღონისძიებების რეალიზაციის პროცესში, მისი შედეგები სისტემატიურად უნდა დარდებოდეს პროგნოზს და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება პროგნოზსა და რეალურ შედეგებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება, ღონისძიებანი უყოყმანოდ და სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს.

აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ნებისმიერ ფასად საკუთრივ უმაღლესი ეკონომიკური ეფექტურობის მიღწევა არ უნდა გახდეს ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის თვითმიზანი და რომ საბოლოო მიზანი გაცილებით უფრო ფართოა – საქართველოს მოქალაქეთა ფართო ფენების ცხოვრების სოციალურ-ეკონომიკური, სულიერი და კულტურული დონის ამაღლება.

გაზეთის გვერდების გაციფრული ვერსია MS Word ფორმატში:

დატოვე კომენტარი