ვასო ძიას (აკად.ვ.ჩანტლაძის) ხსოვნას


ბიბლიოთეკა და კაბინეტი

დაახლოვებით ათი წლის ასაკში სოციალური კლასიფიკაციის პირველი იდეა მომივიდა თავში: არიან ადამიანები (ოჯახები),რომელთა ბინაში არის წიგნები (ბიბლიოთეკა) და არის საწერი მაგიდა (კაბინეტი); და –- არიან ადამიანები (ოჯახები), რომლებსაც ასეთი რამ არ გააჩნიათ…

მამაჩემის ახლო მეგობრებს, ყველას ჰქონდა ბიბლიოთეკა-კაბინეტი.

პაატა გუგუშვილი, ბექირბი ხასია, ვასილ ჩანტლაძე

პაატა გუგუშვილი, ბექირბი ხასია, ვასილ ჩანტლაძე

არსებითად, პაატა გუგუშვილის ოჯახი ბიბლიოთეკაში იყო განთავსებული. თითქმის ყველა ოთახში იყო კარადები ან ჭერამდე თაროები – გაჭედილი ლიტერატურით. ყველას ჩვენ-ჩვენი ბიბლიოთეკა გვქონდა -– მამას ათასობით მეცნიერული წიგნი, ჟურნალი და სქელი საქაღალდე; დედას – რამდენიმე თარო ქართული და რუსული ან რუსულად ნათარგმნი რომანები და ლიტერატურული ჟურნალები; მე და ჩემს ძმას – საკმაოდ დიდი კარადა სამეცნიერო-პოპულარული, საბავშვო ლიტერატურა, რომელთა შორის თანდათანობით უპირატესად მეცნიერული ფანტასტიკის წიგნები სჭარბობდა.

მერვე კლასიდან მე საკუთარი საწერი მაგიდაც გამიჩნდა, რომელზეც ბოლოს საკანდიდატო დისერტაცია დავწერე და პირველი ქართული კომპიუტერული დამწერლობა შევქმენი.

როდესაც თბილისის ბინაში წიგნები უკვე აღარ გვეტეოდა – მათი ნაწილი წყნეთის აგარაკზე ავიტანეთ, სადაც ამისთვის, ბოლოს მომცრო ცალკე სათავსოც ავაგეთ.

მამის ტოლა და სადარი კაბინეტი-ბიბლიოთეკები ჰქონდათ მის მეგობრებს – ვასო ძიას და ბატონ შალვა ნუცუბიძეს. ყრმობისას ვასო ძიას ბიბლიოთეკაში საკმაროდ ბევრი დრო მიტარებია – როდესაც მშობლები წვეულების სუფრას უსხდნენ, მე ნება მქონდა დართული აქ ენციკლოპედიები მეკითხა – ჩემი საყვარელი ლიტერატურა. ვასო ძიასთან ყველაზე უფრო მომწონდა რევოლუციამდელი “ბროკჰაუზისა და ეფრონისა” –- მისი დიდი ნაწილი აქ წავიკითხე – ყველა თემაზე, განურჩევლად.

მამა, ზოგადად თავის კაბინეტში ცხოვრობდა და ეძინა კიდეც, დანარჩენი ოჯახის წევრებისგან ძლიერ განსხვავებულ რეჟიმში – რომლის გამოც არსებითად მამას მხოლოდ ტრადიციული ოჯახური სადილისას ვხვდებოდით.

ამ თემასთან დაკავშირებით ერთი მომენტი მახსენდება – დაახლოებით სამოცდააშიან წლებში მამა ერთმა “დიდმა კაცმა” მიიწვია ოჯახში ნადიმზე. მამამ ბინა შეათვალიერა და გაკვირვებულმა ჰკითხა მასპინძელს: ოჯახში წიგნები არ გაქვთო? მასპინძელმა ამაყად უპასუხა: როგორ არა, ტელეფონების საცნობარო წიგნი გვაქვსო… მამა მაშინათვე ადგა და უსიტყვოდ გაეცალა “დიდი კაცის” წვეულებას…

ტელევიზორს არც მამა და არც ვასო ძია არ უყურებნენ, არსებითად – გაზეთებსაც არ კითხულობდნენ. ჩვენს ოჯახში მამას დეკრეტი ასეთი იყო: ტელევიზორი არაუმეტეს 2 საათი დღეში -– ახალი ამბები და თუ სასარგებლო რამე კინოფილმი იყო… სამაგიეროდ –- მამა გვიან ღამით ხშირად უსმენდა “რადიო თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” გადაცემებს — თავისი ძვირიანი და ძლიერი რადიოთი –- ძალზე დაბალ ხმაზე, ისე რომ უცხოს არ გაეგო…

ვასო ძია სუფრაზე

ათობით წლის განმავლობაში, პაატა გუგუშვილის ოჯახში, უფრო კვირა დილით, თვეში სულ ცოტა ორ-სამჯერ იმართებოდა წვეულება უახლოესი მეგობრებისთვის –- უფრო ხშირად ხაშის თემაზე. თვეში თუნდაც ერთხელ კი საღამოს წვეულება უფრო ფართო წრისათვის. არ მახსოვს თუნდაც ერთი შემთხვევა რომ ვასო ძია და ძაგული დეიდა არ ყოფილიყვნენ სუფრასთან.

ვასო ძიამ ყველასგან განსხვავებული, უნიკალური სადღეგრძელოები იცოდა –- განსაკუთრებით თუ ეს უახლოეს მეგობრებს ეხებოდა –- მისი ყოველი ასეთი სადღეგრძელო მოთხრობილი ან მცირედ გალექსილი პატარა ნოველა იყო, როგორც წესი რომანტიკულ ჟანრში, მაგალითად როგორც სასიყვარულო წერილი… და, ეს სადღეგრძელო-ნოველა აუჩქარებლად, რბილი და თბილი არტისტიზმით ითქმოდა. არაა გასაკვირი, რომ ვასო ძიას ვაჟი, თენგიზი ძალზე პოპულარული არტისტი გახდა – მასწავლებელი მას ოჯახში ჰყავდა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ თენგიზი ვასო ძიაზე უფრო ნიჭიერი არტისტი იყო…

არანაკლებ ხშირად მართავდა წვეულებას ძაგული დედიდაც, სტუმრების თითქმის იმავე შემდგენლობით. ხოლო, როდესაც თენგიზ ჩანტლაძე პოპულარული და ძალზე ცნობილი გახდა – ჩანტლაძეების ოჯახში უკვე გახშირდა ხალხმრავალი ნადიმები, რომლებზეც სტუმრების უდიდესი ნაწილი უკვე მსახიობები და სხვა შემოქმედებითი დარგების წარმომადგენლები იყვნენ – შესაბამისი დონის სიმღერებითა და გალობით.

მამასთან, სუფრაზე კი ვიწრო წრეში, დაბალ ხმაზე წაუღიღინებდნენ, უფრო ხშირად მამაჩემის საყვარელ სიმღერას, ასე:

„ბინდისფერია სოფელი, თანდათან უფრო ბინდდება,
წარმავალია ნათელი სულ მოსაჩვენად ბრწყინდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდება.

იმასაც მოკლედ უვლია, ვინც გრძლად ეგონა იარა,
თოფს ჟანგი შეჭამს, ჟანგს – მიწა, კაცის გულს დარდის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ იმქვეყნად, სხვას არა წაუღია-რა…“

მაგრამ, ამ ნაღვლიანს უფრო ოპტიმისტურს მიაყოლებდნენ:

„დავლოთ – სანამ ერთად ვართ,
სანამ ერთმანეთს ვხედავთო,
ჯავრი მაშინაც გვეყოფა –
შავ ლოდს რომ ამოვხედავთო…“

ღამის მოციონები

სულ ცოტა ორი ათეული წელი, მამას და ვასო ძიას პირადი ურთიერთობის ძირითადი ნაწილი ღამის თითქმის ყოველდღიური მოციონისას ხდებოდა. რასაც ძირითადად მხოლოდ ერთ-ერთის ავადმყოფობა ან ძლიერი უამინდობა შეიძლებოდა აღდგომოდა წინ.

მოციონი იწყებოდა და მთავრდებოდა “მრგვალ ბაღთან” და კარგ ამინდში და კარგი განწყობისას “ვაკის პარკამდე” გრძელდებოდა. მოციონს ახლდა განუწყვეტელი საუბარი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა — თემატიკა კი უკიდეგანო იყო. ერთხელ ხუმრობით დავუანგარიშე — სულ ცოტა 7-8 ათასი საათი გაქვთ ასეთ საუბრებში გატარებული, მეთქი. მე მეტი მეგონაო — მომიგო…

ძალზე ხშირად სანამ მამა და ვასო ძია სეირნობდნენ — დედა და ძაგული დეიდა ტელეფონით საუბრობდნენ — დაწყებული ოჯახური გარემოებებით, ჯანმრთელობით, კერძების დამზადებისა და პარკეტის უკეთ გაპიალების მეთოდებით დამთავრებული…

ვასო ძიას და ძაგული დეიდას სიყვარულით,
ბესარიონ გუგუშვილი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: