ზ.გამსახურდია: საქართველოს ყოფნა-არყოფნა (შობადობის პრობლემა)


წლების მანძილზე საქართველოს ოფიციალური პრესის ფურცლებზე იბეჭდებოდა წერილები შვილოსნობის, ერის გამრავლების პრობლემებზე. მათ შორის მსურს გამოვყო გაზეთ კომუნისტის 1982 წლის 27 ივნისის ნომერში გამოქვეყნებული წერილი „საქართველოს უკვდავება“ (გ.ფანჯიკიძე), „ლიტერატურული საქართველოს“  1983 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული “იქმენინ მრავალ ძეობა“ (ლ.სანიკიძე) და დისკუსია „ლიტერატურული საქართველოს“ ფურცლებზე (1983 წ. 7 ივნისიდან).

ავტორები ცდილობენ გვესაუბრონ ჩვენი ძირითადი ეროვნული უბედურების — ქართული მოსახლეობის კლების გამომწვევ მიზეზებზე, მაგრამ ცენზურის მიერ დაჩეხილი მათი წერილები და გამოსვლები იოტისოდენადაც ვერ ჰფენენ ნათელს საქმის რეალურ ვითარებას. თანაც უნდა აღინიშნოს რომ, მათ წერილებში შეიმჩნევა ტენდენცია საქართველოს დემოგრაფიული სურათის შეცვლის ძირეული მიზეზების მიფუჩეჩებისა და მეორადი მიზეზების წინა პლანზე წამოწევა, ამიტომაც გადავწყვიტე შევახსენო მათაც და მკითხველ საზოგადოებასაც ზოგიერთი ჭეშმარიტება.

სიმართლე ფერ-უმარილს არ საჭიროებს და — ამიტომ თავიდანვე საქმეზე ვისაუბრებ. რამ განაპირობა ესოდენ კატასტროფული მგომარეობა ჩვენი ერის დღეს, ცივილიზებულ ეპოქაში, მეოცე საუკუნეში, მაშინ როდესაც სხვა ერები ეროვნულ-კულტურული და დემოგრაფიული აღორძინების გზაზე დგანან? ნუთუ ჩვენი ერის დაკნინების, შობადობის ესოდენ საგანგაშოდ შემცირების მიზეზები მარტოოდენ მეშჩანობასა და ჭამა-სმის კულტში უნდა ვეძებოთ, როგორც ამას აცხადებს „საქართველოს უკვდავების“ ავტორი (გ.ფანჯიკიძე) ან მხოლოდ „აბორტმახერების“ დაუსჯელობაში, როგორც ამას სთვლის „იქმენინ მრავალძეობის“ ავტორი (ლ.სანიკიძე)? ნუთუ ის ობივატელური სენი, რომელმაც თურმე ესოდენ დაგვრია ხელი, სხვა ერებს არ სჭირთ? რაღა ჩვენ მოგვითავა ხელი ამ სენმა? რაღა ჩვენ გაგვაპარტახა? მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ მეშჩანობა, ობივატელობა. შედეგია და არა მიზეზი.  „საქართველოს უკვდავების“ ავტორს (გ.ფანჯიკიძეს) კი შედეგები და მიზეზები ურთიერთში აღურევია და გაჰყვირის: სერვანტებზე და ავეჯზე მონადირე ხალხი აბა, როგორ გაამრავლებთ ერს! ოღონდაც! შეგნების გადაგვარება, საერთოდ, ყოველგვარი გადაგვარების წყაროა, მაგრამ რამ გადააგვარა ჩვენში ეროვნული შეგნება? რამ აუყარა ქართველ კაცს გული ეროვნულ და მოქალაქეობრივ იდეალებზე? მოდით, ვეძებოთ რეალური მიზეზები და მერმე ვისაუბროთ შედეგებზე და მათი დაძლევის შესაძლებლობებზე.

ამა თუ იმ ერის ფიზიკური არსებობა ოდითგანვე დამოკიდებული იყო ერის სულზე, მის ფსიქიკურ წყობაზე, მის ეროვნულ ცნობიერებაზე. მსოფლმხედველობა, სულიერი სამყარო განაპირობებს ერის სოციალურ, კულტურულ თუ ეკონომიურ ყოფას. როდესაც ერის სული და შეგნება კნინდება, მაშინ კნინდება მისი სახელმწიფოებრიობაც, მისი დემოგრაფიული სახეც; როდესაც ადამიანის სხეულს სტოვებს სული, იგი იწყებს გახრწნას. ასევეა ერი და საზოგადოება, ერის სული მაცოცხლებელია ეროვნული ორგანიზმისა, ჯანსაღი სულიერი ცხოვრება კი აღორძინებს მის სოციალურ და საზოგადოებრივ ყოფასაც.

რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ერის სულიერი ცხოვრება? რამდენად ქმედითნი არიან დღეს ის სულიერი და ეროვნული იდეალები, რომლებიც ასულდგმულებდნენ ჩვენს წინაპრებს, აძლევდნენ სტიმულს ბრძოლისას და შემოქმედებისას, შთაუნერგავდნენ მომავლის იმედს ისტორიული ძნელბედობის პერიოდებში? ან რამდენად მღვიძარებს დღეს ერის სული? ან რამდენად ეზიარება დღეს ჩვენი ერის ყველა ფენა თავის კულტურის, აზროვნების, ლიტერატურის ტრადიციებს? რამდენად ცხოვრობს თავისი წინაპრების იდეალებით? უფრო მეტიც, რამდენად უწყის მან თავისი ეროვნული ვინაობა, სადაურობა, უწყის თუ არა მან თავისი ისტორია, თავისი სულიერი მდგომარეობა აწმყოში და წარსულში, ან თავისი მომავლის პერსპექტივები?

ან რამდენად ქმედითია დღეს ჩვენში ზნეობრივი იდეალები  ჩვენი წინაპრებისა? ან მათი მასულდგმულებელი რელიგიური იდეალები? ან რამდენად გააჩნია არსებობის უფლება რელიგიას, რომელიც ეროვნული კონსოლიდაციის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა, და რომელმაც ისტორიის  ამდენ ქარტეხილებს გადაარჩინა საქართველო?

ერის ჯანსაღი სულიერი და ზნეობრივი ცხოვრება ხომ რელიგიის გარეშე შეუძლებელია: ამას გვიმოწმებს ისტორიული და ფილოსოფიური მეცნიერება. რამდენად აქვს შეგნებული ეს ყოველივე ჩვენს ინტელიგენციას? (ე.წ. „ახალი რიტუალების“ დამკვიდრება ვერ შეცვლის რელიგიას თუნდაც მარტოოდენ ესთეტიური თვალსაზრისით. ისინი ვერასოდეს აღზრდიან ადამიანში ზნეობას და მოქალაქეობრიობას).

ერის ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძველია  აგრეთვე ახალგაზრდობის სწორი აღზრდა. მიკვირს, რად აუარეს გვერდი ზემოთხსენებული წერილების ავტორებმა ამ მეტად მნიშვნელოვან პრობლემას, იგი ხომ უშუალო კავშირშია ერის გამრავლების საკითხებთან? შესაძლებელია კი ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბება რელიგიური აღზრდის გარეშე? მსოფლიო პედაგოგიური მეცნიერების კორიფეები (კომენსკი, პესტალოცი [J.H.Pestalozzi], ჰერბარტი [J.F.Herbart] და სხვანი) უარყოფით პასუხს გვაძლევენ ამ კითხვაზე. ხოლო სრულყოფილი, ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბების გარეშე შეუძლებელია საზოგადოების აშენება. ესეც საყოველთაოდ აღიარებულია..

გადავხედოთ ჩვენს სკოლებს, სადაც მერვე, მეცხრე და მეათე კლასელი გოგონები სიგარეტს წევენ (ზოგჯერ ნარკოტიზირებულს), ბიჭებთან ერთად, ბილწსიტყვაობენ და კიდევ სხვა უმსგავსობას სჩადიან. წარმოვიდგინოთ პერსპექტივაში მათ მიერ შექმნილი ოჯახები,  მათ მიერ აღზრდილი შვილები, მათ მიერ გახარებული დედ-მამა და სამშობლო, მათ მიერ გამრავლებული ერი. გადავხედოთ აგრეთვე პედპერსონალს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სავსებით არ შეესაბამება პედაგოგის მაღალ დანიშნულებას. გადავხედოთ უმაღლეს სასწავლებლებს, სადაც კიდევ უფრო უნუგეშო სურათია კორუფციისა, პროტექციონიზმისა და სხვა მრავალ მანკიერებათა.

ის კატასტროფულად ფესვგადგმული ობივატელურ-მეშჩანური სენი კი, რომელიც ზემოხსენებულმა ავტორმა ესოდენ გონებამახვილურად დაგვისურათხატა, სწორედ სულიერი ცხოვრების ზემოთხსენებული დაცემითა და დაკნინებით არის გამოწვეული. რელიგიური და ეროვნული შეგნების დაკნინებამ მოგვცა მხოლოდ და მხოლოდ ჩაცმა-დახურვაზე, სმა-ჭამაზე, მაღაზიებზე, ვიდეოფილმებზე, გართობაზე და ფეხბურთზე მოსაუბრე საზოგადოება, რომელიც არას დაგიდევთ არც ერის ტკივილებს და არც მისი ყოფნა-არყოფნის საკითხებს.

იხილეთ ორიგინალი და PDF დოკუმენტი:
ზვიად გამსახურდია — შობადობის პრობლემა

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: