სანდრო ბრეგაძე: კოკო გამსახურდიამ ხელისუფლებასთან კაპიტულაცია გამოაცხადა
04/12/2011 Leave a comment
ეროვნული მოძრაობის ე.წ. ზვიადისტების ნაწილი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას მიესალმება და გამარჯვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში უწინასწარმეტყველებს, თუ ის მხოლოდ ლიბერალური ძალების იმედად არ დარჩება.
რა პოლიტიკურ პირობებს უყენებს ივანიშვილს “ზვიდისტების” სახელით სანდრო ბრეგაძე, რატომ დატოვა მან კონსტანტინე გამსახურდიას პარტია “თავისუფლება” ან რატომ გაიყოლა თან კონსტანტინე გამსახურდიამ იმედები, რომლებიც მისი პარტიის მიმართ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრებსა და მათ გულშემატკივრებს ჰქონდათ – სანდრო ბრეგაძემ ამ საკითხზე დაწესებული მორატორიუმი “სარკესთან” მოხსნა.
სანდრო ბრეგაძე:
– პარტიის ე.წ. ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ მოულოდნელად გაუთვლელი ნაბიჯები გადადგა, ამით თვითონაც გაურკვეველ სიტუაციაში ჩაიგდო თავი და სხვებიც ასეთივე მდგომარეობაში ჩააყენა. მას შემდეგ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს რაღაც ორგანიზაცია, რომელსაც ყოველთვიურად ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერიცხება.
პარტიიდან მაშინვე წამოვედი, როგორც კი გავიგე, რომ ბატონმა გამსახურდიამ, იმის ნაცვლად, რომ პარლამენტში მამამისის საქმე გამოეძიებია, ხელისუფლებასთან კაპიტულაცია გამოაცხადა.
სიმართლე გითხრათ, პარლამენტში მისი შესვლის მომხრე თავიდანვე არ ვიყავი. მაშინ მითხრა, რომ მისი ცხოვრების მიზანი მამის მკვლელობის საქმის გამოძიება იყო, ამისთვის კი პარლამენტში უნდა შესულიყო, რათა მისულიყო არქივამდე და სხვადასხვა დოკუმენტამდე, რითაც ის დაადასტურებდა ედუარდ შევარდნაძის ბრალეულობას გამსახურდიას მკვლელობის საქმეში და მისი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებდა. რამდენიმე დღეში გამოჩნდა, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დადგენა არაფერ შუაშია იყო იმასთან, რასაც პარლამენტში შესვლა ჰქვია.
– კომისია ხომ შეიქმნა და საქმე პროკურატურას გადაეცა?
– პირველი კონფლიქტი კომისიის წევრების გამო მოგვივიდა. კომისია ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩევლებისგან დაკომპლექტდა. ამიტომ ორი აზრი არ არსებობდა, რომ ეს ხალხი შევარდნაძეს ხელს არ დაადებდა და გამოძიებას მისი ბრალეულობის დამტკიცებისკენ არ წაიყვანდა.
– ვის გულისხმობთ?
– მთელ კომისიას. დიდ პატივს ვცემ მიხეილ ოსაძეს, გაწონასწორებული ადამიანი და კარგი იურისტია. ის შევარდნაძის პერიოდში უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე გახლდათ და, რა თქმა უნდა, მორალურად მას ხელს ვერ დაადებდა. რას ემსახურებოდა იგორ გიორგაძესთან სულელური ჩასვლა? კომისიამ ყველაფერი გააკეთა, რომ შევარდნაძე არ დაკითხულიყო. ამას გარკვეული გარიგების სუნი ასდის. ცოტა მეტ ინფორმაციას ვფლობ, რა გარიგება შედგა შევარდნაძესა და ზოგ–ზოგიერთს შორის, მაგრამ როცა დამამტკიცებელი საბუთი არ გაქვს, ამაზე საუბარი ცოტა ძნელია.
– ვისსა და ვის შორის დაიდო გარიგება და რა სახის იყო – ფინანსური თუ პოლიტიკური?
– კომისიას და შევარდნაძეს შორის, რომ სხდომაზე ის არ დაეკითხათ და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის კვალი მასთან არ მისულიყო. მთელმა საქართველომ იცის, რომ ზვიად გამსახურდიას დევნა ედუარდ შევარდნაძის დავალებით ხდებოდა. გეკითხებით, როგორც პოლიტიკაში კარგად გაცნობიერებულ ჟურნალისტს – თუ მკვლელობა მოხდა, ვინც დევნას ახორციელებდა, შეკვეთა მისგან მოდიოდა თუ არა? იმის ნაცვლად, რომ შევარდნაძის და მისი მთავრობის წევრების ბრალეულობა გამოკვეთილიყო, საუბარი წავიდა იმაზე, თუ რას აკეთებდა იმ დროს რობინზონ მარგველანი, ბესარიონ გუგუშვილი. ვერც იმას ვიტყვი, გუგუშვილს და მარგველანს რაიმე წვლილი მიუძღვით გამსახურდიას გარდაცვალებაში და ვერც იმას, რომ დამნაშავეები არიან, თანაც ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ნომერი პირველი საკითხია, ვინ იყო შემკვეთი და საზოგადოების დაკვეთა სწორედ ამის დადგენა გახლდათ. ამის საპირისპიროდ მოხდა ედუარდ შევარდნაძის “გაპრავება”, იმის ნაცვლად, რომ განსასჯელის სკამზე დამჯდარიყო და პასუხი ეგო იმ ქმედებაზე, რომელიც იმ წლებში ჩაიდინა სამეგრელოს და ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ.
2011-11-26 19:47:42
http://www.gumbati.ge/?address=cat&cat=4&id=86505
კომენტარები